ახალი ამბები

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე

28 იანვარი, 2022 • 1288
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე

იურიდიული კომპანია BLB, რომელიც მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ დავაში, საქმის განხივლის პროცესში სიახლის შესახებ იუწყება.

„[კალიფორნიის შტატის სასამართლოს] მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებს კომპანია.

27 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ დავა დასრულდა, – „ნეტფლიქსი“ საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა, მოსამართლემ კი განაცხადა, რომ დავა უნდა გაგრძელდეს.

რისთვის უჩივის მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“?

საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალს „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის სცენარიც 1983 წლის რომანს ეფუძნება.

სიუჟეტი ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ის ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს საუკეთესო კაც მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

„ერთადერთი უჩვეულო რამ[ბეტ ჰარმონის] შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს“.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა.

სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება არის „აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან, მათ შორის, დიდოსტატებთან.

საჩივრის კიდევ ერთი საფუძველია ნონა გაფრინდაშვილის რუსად მოხსენიება, „მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ“.

„ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

გირჩევთ ამ საკითხზე ვრცლად წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი