ახალი ამბები

ზალკალიანი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინას სათანადოდ უჭერს მხარს

28 იანვარი, 2022 •
ზალკალიანი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინას სათანადოდ უჭერს მხარს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იზიარებს კრიტიკას უკრაინის საკითხზე ქართული მხარის აქტიურობის ნაკლებობაზე. დავით ზალკალიანის თანახმად, თბილისი ამ კუთხით საკმარისად მუშაობს და კრიტიკას  ვერ მიიღებს ოპონენტებისგან, “რომლებმაც დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია”.

“მათ სურთ, წარმოაჩინონ საქმე ისე, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება გვაქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ჩუმად ვართ?” — მიმართა ზალკალიანმა ჟურნალისტს ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

მინისტრმა ისაუბრა რამდენიმე ფორმატზე, რომლებშიც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინისადმი მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა.

ამ კონტექსტში მან ახსენა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმაში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და თავისი ვიზიტი ბრიუსელში.

“სულ რამდენიმე დღეა, რაც დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც, იმავე უკრაინის წარმომადგენელთან ერთად ნატოს გაფართოებულ ფორმატებში მივიღე მონაწილეობა დებატებში და სადაც ღიად დავაფიქსირე ჩემი მხარდაჭერა.

ამის შემდეგ, ჩემი საჯარო განცხადებები, ასევე, ზარი, რომელიც განხორციელდა ორიოდ დღის წინ ჩემს კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან…

ეს რაც ოფიციალური ნაწილია, თორემ არაოფიციალურად, მუდმივად, ყოველდღიურად, ახლა მე ჩემს უკრაინელ კოლეგას ვესაუბრები რამდენჯერმე. ეს მხარდაჭერა მათთვის არის ნათელი”, — დასძინა მან.

ჟურნალისტმა ზალკალიანს ჰკითხა, რით ხსნის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინის საკითხზე. საპასუხოდ მინისტრმა ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა:

“ეს არის სწორედ ის, რომ შექმნან ნარატივი. მარტივად, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ იღებს და არ მიიღებს, რომ თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი პატრიოტები.

ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია? ვინ იყო ხელისუფლებაში? სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური, და არა ის, რომ ჩვენ მორალურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ. მორალური მხარადჭერაც აქვს უკრაინას და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს ძალიან სერიოზული.

ამიტომ მე ვერ მივიღებ [კრიტიკას] ვერც ვერანაირი ექსპერტისგან და ვერც ჩვენი ოპონენტებისგან: ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია”.

ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავდეს როგორც სიტყვით, ისე — საქმით.

ამ საკითხზე თავისი პოზიცია აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმაც დააფიქსირა. მისი თქმით, იმედგაცრუებულია, რომ თბილისი კიევთან დიპლომატიურად მეტად არ აქტიურობს.

26 იანვარს ცნობილი, გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები.ამ მიზეზით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტზე შეერთება გადაიფიქრა და საკუთარი ვერსია მოამზადა. საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ზოგიერთი ოპოზიციონერი რეზოლუციაშიც საკუთარ დღის წესრიგს ხედავს”.27 იანვარს პარტიამ “დროა” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა. ტექსტის ავტორები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, გააძლიერონ “საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი