ახალი ამბები

ზოგიერთი ოპოზიციონერი რეზოლუციაშიც საკუთარ დღის წესრიგს ხედავს – პაპუაშვილი

27 იანვარი, 2022 • 1254
ზოგიერთი ოპოზიციონერი რეზოლუციაშიც საკუთარ დღის წესრიგს ხედავს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საკუთარ დღის წესრიგს ხედავს.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი შინაარსის ნაცვლად მხოლოდ ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული.

„ჩემი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც უკრაინას ეხება, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევას, რომელიც უკრაინას აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ტექსტში მთავარი არსი ასახულია და მასზე არავინ დავობს.

რაც შეეხება მის შინაარსს, ფორმებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა, და ასეთ რეზოლუციებშიც უფრო მეტად ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და დააინიცირა, რუსეთი ნახსენები არაა.

26 იანვარს, რეზოლუციის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ორჯერ გაიმართა. პირველი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ უმრავლესობასთან რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ტექსტში ნახსენები იყო რუსეთიც.

თუმცა მეორე კონსულტაციაზე, სადაც „ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უნდა წარედგინა, ოპოზიციის თქმით, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც წაიშალა.

შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა და ის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის თანაავტორობის გარეშე დააინიცირა.  ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის ალტერნატიული ტექსტი მოამზადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი