ახალი ამბები

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

27 იანვარი, 2022 • 1234
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 იანვარს გამოაცხადა.

ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რომელიც, ბრალდების თანახმად, „ჩადენილია მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ“ (სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლი).

მეორე პოლიციელი დააკავეს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

სასამართლოს დაწყებამდე საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა, რომ ორივე პოლიციელი აცხადებს, რომ დანაშაულის ამსახველ კადრებში ისინი არ ფიგურირებენ.

„ჩვენ ვმორიგეობდითო, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობასო, უბრალოდ ჩვენ არ ვართ კადრებშიო“, – პროკურორი ჩხეიძის თანახმად, ასეთია ბრალდებულების პოზიცია.

გარეკანზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ფოტო

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი