ახალი ამბები

„მეტროს ბარიერს გადავახტით, ის ესკალატორის მოაჯირზე დაჯდა“ – რატომ სცემა პოლიციელმა 17 წლის ბიჭს

26 იანვარი, 2022 • 5852
„მეტროს ბარიერს გადავახტით, ის ესკალატორის მოაჯირზე დაჯდა“ – რატომ სცემა პოლიციელმა 17 წლის ბიჭს

ისნის მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი არასრულწოვანი ბიჭის მეგობარი, გიორგი ჯოჯიშვილი იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები 23 იანვარს.

„ჩვენ არ გვქონდა გასატარებელი მეტრომანი და მეტროს ბარიერს გადავახტით. ჩემი მეგობარი დაჯდა ესკალატორის მოაჯირზე. ზემოთ მყოფმა სამართალდამცავმა შეამჩნია და დაიძახა ზევიდან, ჩამოდიო. ჩვენც, მეგობრებმა, ვუთხარით, ჩამოსულიყო“, – იხსენებს გიორგი ჯოჯიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

„იმან [ზემოთ მყოფმა პოლიციელმა] ქვევით გადასცა, რომ [ჩვენი მეგობარი] იჯდა მოაჯირზე და ქვევიდან უკან ამოგვატრიალეს. გვითხრეს, უნდა გამოგვყვეთ ზევითო და ჩვენ უპრობლემოდ, შეუპასუხებლად გავყვევით, რა თქმა უნდა“, – ამბობს იგი.

„ამ დროს, ჩემ მეგობარს ჩაჰკიდეს ხელი და ვეუბნებით, ხელი გაუშვი, ყრუ-მუნჯია [არ ესმის, ვერ ლაპარაკობს] და თუ რამე გინდა, ჩვენ გადავუთარგმნით. ისმის კიდეც ვიდეოში, როგორ ვეუბნებით. არ ვიცი, ალბათ ეგონა, ვატყუებდით ან რაღაცა, და [თქვა] ავალაპარაკებო. და ალაპარაკება თქვენც ნახეთ, რა მეთოდითაც მოინდომა“, – იხსენებს ჯოჯიშვილი.

სწორედ ჯოჯიშვილის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა ჯერ სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე, საიდანაც კადრები ტელევიზიაში მოხვდა. ჯოჯიშვილის თანახმად, სრული ვიდეო ზუსტად 1 წუთი და 1 წამი გრძელდება.

„ეს ყველაფერი [ცემა] ხდება დაახლოებით 30 წამის განმავლობაში… მეორე პოლიციელის რეაქცია არანაირი ყოფილა, არც სიტყვიერი, არც ხელით გაშველების, არანაირი, ისე იდგა უბრალოდ“, – ამბობს იგი.

რა ჩანს კადრებში

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფება.

ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდებთან, რომლებიც ესკალატორზე დგანან, პოლიციის თანამშრომელია მისული. მას მკლავითა ჰყავს დაჭერილი 17 წლის ბიჭი და ეკითხება:

-„შენ ხომ მიცნობ“?

-„ეს ყრუ-მუნჯია“ – პასუხობს ერთ-ერთი თანმხლები ბიჭი.

-„მანდ უნდა იაროს მერე“? – ეკითხება ამჯერად მას პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, არ ესმის, ვეუბნებოდი, ჩამოდი-მეთქი“ – პასუხობს იგივე ხმა.

-„შენ ხომ ჭკვიანი ხარ, შენ ხომ გესმის, მერე უნდა გააგებინო“- პასუხობს პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, რა უნდა გააგებინო“ – იღებს პასუხად.

-„ყრუ-მუნჯია“? – კითხულობს კიდევ ერთხელ პოლიციელი.

-„ყრუ-მუნჯია, ძია“ – ამჯერად მეორე ბიჭი პასუხობს პოლიციელს.

-„რო ავალაპარაკო ეხლა“? – კითხულობს პოლიციელი [სტილი დაცულია].

-„მიდი, აი, თუ აალაპარაკებ, მილიონს მოგცემ, თუ არადა, შენ მომცემ“? – იღებს პასუხად.

ამასობაში ყველანი ერთად, ესკალატორით, მეტროს ფოიეს უახლოვდებიან, რა დროსაც პოლიციელს 17 წლის ბიჭი პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში შეჰყავს და მის ცემას იწყებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველადი მოკვლევის თანახმად, „მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას“.

ამასთან, ინსპექტორის თანახმად, ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, „განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად“.

რაც შეეხება მეორე თანამშრომელს, ინსპექტორის სამსახურის სიტყვებით, იმის მიუხედავად, რომ იგი „შეესწრო კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს“, ამის შესახებ არ შეატყობინა საგამოძიებო ორგანოს (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს).

25 იანვარს, დილის 10 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სპეციალურ ბრიფინგზე სამსახურის წარმომადგენელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ორივე პოლიციელი დააკავეს.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი