ახალი ამბები

ჩვენ არ ვართ კადრებშიო – პროკურორი შშმ ბავშვის ცემის საქმეზე ბრალდებულებზე

27 იანვარი, 2022 • 1881
ჩვენ არ ვართ კადრებშიო – პროკურორი შშმ ბავშვის ცემის საქმეზე ბრალდებულებზე

პროკურორის თანახმად, ისნის მეტროში 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორივე პოლიციელი აცხადებს, რომ დანაშაულის ამსახველ კადრებში ისინი არ ფიგურირებენ.

„ორივეს მიცემული აქვს ჩვენება, ასევე, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილითაც და სხვა მოწმეებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას ისნის მეტროში. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს [ცემას]“, – განუცხადა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვმორიგეობდითო, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობასო, უბრალოდ ჩვენ არ ვართ კადრებშიო“, – პროკურორი ჩხეიძის თანახმად, ასეთია ბრალდებულების პოზიცია.

დღეს სასამართლო განიხილავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები“.

ჯერ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“, შემდეგ კი ტვ „პირველის“ ეთერში გავრცელებულ კადრებში მოქმედება ვითარდება 23 იანვარს თბილისში, ისნის მეტროსადგურში. 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფება. მალევე ისინი მეტროს ფოიეს უახლოვდებიან, რა დროსაც პოლიციელს 17 წლის ბიჭი პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში შეჰყავს და მის ცემას იწყებს.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი