ახალი ამბები

“ევროპელმა სოციალისტებმა” უკრაინაზე რეზოლუციის საკუთარი ვერსია მოამზადეს

27 იანვარი, 2022 •
“ევროპელმა სოციალისტებმა” უკრაინაზე რეზოლუციის საკუთარი ვერსია მოამზადეს

“ევროპელმა სოციალისტებმა” უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის თავიანთი ვერსია მოამზადეს.

ამასთან, პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია საერთოდ არ უნდა მიიღოს.

თუმცა, როგორც პარტიის წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თავის ვერსიას დაარეგისტრირებს, მაშინ რეზოლუციის საკუთარ ვერსიას თავადაც დააინიციირებენ.

კითხვაზე, რა არ მოსწონთ  “ქართული ოცნების” რეზოლუციის ტექსტში, ინჯია გვპასუხობს, რომ “ოცნების” რეზოლუციას “რევიზიას” ვერ გაუკეთებს.

“ევროპელი სოციალისტების” თქმით, თუ პარლამენტი რეზოლუციას მაინც მიიღებს, მაშინ ის შემდეგი სახით უნდა იყოს:

“ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“,  ღრმა წუხილს გამოვხატავთ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო სამხედრო  ესკალაციაზე. წინააღმდეგი ვართ  ქმედებების, რომელიც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. უკრაინაში სამხედრო ესკალაცია   საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ორგანიზაციაში.

მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების;

ამიტომ, მოვუწოდებთ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ;

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის  არდაშვება  უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება  შესაძლებელი;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო  ინტერესებიდან გამომდინარე,  მივმართავთ   საქართველოს მთავრობას,   გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და  მაქსიმალურად ჩაერთოს   უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში”, – ნათქვამია “ევროპელი სოციალისტების” მომზადებულ ტექსტში.

26 იანვარს ცნობილი, გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები. ამ მიზეზით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტზე შეერთება გააიფიქრა და საკუთარი ვერსია მოამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი