ახალი ამბები

მოვილაპარაკებთ ოპოზიციასთან. შესაძლოა, ალტერნატიული რეზოლუცია დარეგისტრირდეს – დეკანოიძე

26 იანვარი, 2022 •
მოვილაპარაკებთ ოპოზიციასთან. შესაძლოა, ალტერნატიული რეზოლუცია დარეგისტრირდეს – დეკანოიძე

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, გამორიცხული არაა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია დაარეგისტრიროს.

როგორც  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთს ეუბნება, ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ, თუ როგორ იმოქმედებენ.

მისი თქმით, იმ შენიშვნებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა, ოპოზიცია რეზოლუციის საკომიტეტო განხილვისას წარადგენს.

„დავარეგისტრირებთ თუ არა ალტერნატიულ რეზოლუციას, ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. შენიშვნებს, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ „ქართულ ოცნებას“, მაინც წარვადგენთ საკომიტეტო მოსმენაზე და მოვითხოთვთ პასუხს, რატომ ამოიღეს კონკრეტულად რუსეთის ფედერაცია.  იმიტომ, რომ დილის ტექსტში იყო და შემდეგ საღამოს გაქრა.

ამიტომ, ვნახოთ, შესაძლო,ა ალტერნატიული რეზოლუცია დარეგისტრირდეს, შესაძლებელია მიმართვა გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოვილაპარაკებთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა. რეზოლუციის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დღეს, 26 იანვარს, კონსულტაციები ორჯერ გაიმართა.

როგორც ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ოპოზიციას „ქართულმა ოცნებამ“ დილით გააცნო, რუსეთის ფედერაცია ნახსენები იყო.

„იმ ტექსტში, რომელიც ჩვენ დილით დაგხვდა, რუსეთის ფედერაცია ნახსენები იყო, მერე საღამოს გაქრა. ეს შენიშვნები, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია იყოს, ოპოზიციას გუშინვე გვქონდა. ჩვენი შენიშვნა იყო, რომ ესკალაცია არ არსებობს და უკრაინისთვისაც კი შეურაცხმყოფელია ესკალაციის ხსენება. ბევრი შენიშვნა გვქონდა, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური რაც არის, ეს რუსეთის ფედერაცია საერთოდ ამოვარდა ტექსტიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა. რეზოლუციის ტექსტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა.

მისი თქმით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.
უკრაინის მხარდამჭერ “ოცნებისეულ” რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არაა

მასალების გადაბეჭდვის წესი