დღეს, 26 იანვარს, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაცია გაიმართა.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი მიიტანა.
როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილი იყო და რეზოლუციის ტექსტიც ფრთხილად იყო შემუშავებული.
„მიზანი იყო ერთობლივი რეზოლუციის მიღება. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან დარეგისტრირებული რეზოლუციის ბაზაზე. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მიეღო შეთავაზება საერთო რეზოლუციაზე, ოღონდ საკუთარი ტექსტი მოამზადა ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა შეთავაზების საფუძველზე. ეს ტექსტი დღეს დაგვახვედრა შეხვედრაზე, აქამდე ის ჩვენ არ გვქონია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სამნიძის თქმით, „ოცნების“ მიერ მომზადებულ ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციამ შენიშვნები წარადგინა, რაც უმრავლესობის წევრებმა ადგილზევე მოინიშნეს. თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციაც და უმრავლესობაც პრინციპებზე შეთანხმებულია.
„ვნახეთ, რომ პრინციპული საკითხები ასახულიც არის და ადგილზეც გაითვალისწინა, რაც ოპოზიციამ შესთავაზა. რა თქმა უნდა, ჩვენი შენიშვნები მიდგომებსაც ეხებოდა, მაგრამ რაც პრინციპული იყო, გაითვალისწინა, არის რეზოლუციაში და ველოდებით, როგორ იქნება ცალკეული ფორმულირებები ასახული. პრინციპებზე შეთანხმებული ვართ. იმაზეც მზად ვართ, რომ ერთიანი ინიციატივა იყოს, რაც იყო ჩვენი იდეა და დაველოდებით, ფორმულირების დონეზე როგორ ასახავენ ამას დოკუმენტში.
დილიდან იყო შეკითხვა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია და ასეთი ფორმულირებები თუ იყო, რა თქმა უნდა, ნახსენებია ნატოც და რუსეთიც. აქ საუბარია სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, მშვიდობის, ომის არდაშვებაზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სამნიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის საბოლოო ვერსია უახლოეს საათებში უნდა წარადგინოს და მისი ინიცირება დღესვე უნდა მოხდეს, რათა საგაზაფხულოს სესიის პირველი სხდომაზე მიიღონ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც „ოცნებამ“ მოამზადა, ოპოზიციის წევრებს შენიშვნები „სიტყვებზეც კი“ ჰქონდათ, თუმცა ეს რეზოლუციის სულისკვეთებასა და პრინციპებთან დაკავშირებით არაფერს ცვლის.
როგორც მდინარაძე ამბობს, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ტექსტის შეფასებისას სიტყვა „სიფრთხილეს“ იყენებს. მისი თქმით, „პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის, ეს არის სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება“.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია რეზოლუციის საბოლოო ტექსტის ნახვის შემდეგ უარს იტყვის მის დაინიცირებაზე, მაშინ დოკუმენტს მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს.
„აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომელიც არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ, ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და დაახლოებით, 2-3 საათის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე გამზადებული ტექსტი იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და მათგან იქნა მოწონებული. პრინციპებზე ჩვენ შევთანხმდით[…]
თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომლის პრინციპებზეც წინააღმდეგობა ვერავინ ვერ გასწია დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება. თუ იმ დეტალების გამო ვინმე უარს იტყვის, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ კიდევაც და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.