ახალი ამბები

„დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები“ – რამდენიმე ქალაქში ენმ საპროტესტო აქციებს მართავს

26 იანვარი, 2022 • 855
„დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები“ – რამდენიმე ქალაქში ენმ საპროტესტო აქციებს მართავს

საქართველოს რამდენიმე ქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარალელურად მართავს აქციებს და ითხოვს ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომლების დასჯას, რომლებიც ძალადობაში არიან ბრალდებული.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ მეტროში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც პოლიციელებმა შშმ არასრულწლოვანზე იძალადეს, უწყებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

აქციები ამ მოთხოვნით თბილისის გარდა იმართება ბათუმში, ზუგდიდსა და გორში:

„ბოლო წლებში „ქართული ოცნება“ ცდილობს შეგვაჩვიოს, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სისტემას შეუძლია იძალადოს. სადაც პოლიციელები ძალადობენ ქალებზე, შშმ ბავშვებზე. ამიტომაც მთავარია შევცვალოთ ეს სისტემა და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით მიიღწევა”, – ამბობს ანა წითლიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.

24 იანვარს საზოგადოებამ იხილა, როგორც სცემა პოლიციის თანამშრომელმა 17 წლის სმენისა და მეტყველების უნარის არმქონე ბიჭს, ამ დროს კი მეორე პოლიციელს არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად. მომდევნო დღეს კი სოციალურ ქსელში პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა.

ორივე საქმეში მონაწილე პოლიციელები ამ დროისთვის დაკავებული არიან, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტებისა და მართლმსაჯულების სისტემის ექსპერტები სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ.

რა სისტემურ პრობლემებს ამხელს პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემა

მასალების გადაბეჭდვის წესი