ახალი ამბები

კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს

26 იანვარი, 2022 • 1069
კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო. კალაძის თქმით, უკრაინაში ომის თავიდან აცილება მათი მთავარი საფიქრალი უნდა იყოს, ვისაც ამაში მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. მისი განცხადებით, საქართველოს ძალისხმევაც სწორედ ამისკენაა მიმართული:

“ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენაა მიმართული და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.


ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, თუმცა მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს. შესაძლო თავდასხმაზე აქტიურად საუბრობენ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.
11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთან, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი