ახალი ამბები

სასურველია, უკრაინის მიმართ საქართველოდან ოფიციალურ დონეზე მეტი მხარდაჭერა იყოს – იასკო

26 იანვარი, 2022 •
სასურველია, უკრაინის მიმართ საქართველოდან ოფიციალურ დონეზე მეტი მხარდაჭერა იყოს – იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ სასურველია, უკრაინის მიმართ საქართველოდან ოფიციალურ დონეზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა იყოს. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„უკრაინელები საქართველოს მოსახლეობის მხრიდან გრძნობენ მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოფიციალურ დონეზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა იყოს აღნიშნული. რა თქმა უნდა, კითხვები იბადება, რატომ არ ხდება ეს. მინისტრი კულება გუშინ ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იყო წამოჭრილი“, – განაცხადა იასკომ.

გუშინ, 24 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. ზალკალიანის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში.

თუმცა ზალკალიანს არ უხსნებია, რომ უკრაინელ კოლეგასთან საუბრის ერთ-ერთი თემა მიხეილ სააკაშვილიც იყო. ლიზა იასკოს თქმით, დმიტრო კულებამ დავით ზალკალიანთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი და მასთან უკრაინელი ექიმების დაშვებაც განიხილეს.


მაშინ, როცა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთისგან ყოველ წამს ელოდებიან უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ქართველი ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები საქართველოს მთავრობის „უმოქმედობას“ აკრიტიკებენ.

ქართველ ექპსერტებსა და პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საფრთხე, რომელიც უკრაინას ამჟამად უდგას, პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებაზეც. მათი შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ახლა უკრაინის გვერდით მყარად დგომა, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, ძალიან მალე ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავდეს როგორც სიტყვით, ისე — საქმით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი