ახალი ამბები

გახარიას თანაგუნდელები ღარიბაშვილსა და გომელაურს პარლამენტში იბარებენ

25 იანვარი, 2022 • 1244
გახარიას თანაგუნდელები ღარიბაშვილსა და გომელაურს პარლამენტში იბარებენ

გიორგი გახარიას თანაგუნდელები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პრემიერ-მინისტრსირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეს ინდივიდუალურ გადაცდომად არ განიხილავენ. მისი თქმით, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც განაპირობა ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მიღებული „მავნებლური გადაწყვეტილებების კასკადმა“.

„შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს იბარებს პარლამენტში. მათ შევახსენებთ, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და, შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაგვცენ ამ ადამიანებმა პასუხი: როგორ აპირებენ ამ უმწვავეს სისტემურ პრობლემებთან გამკლავებას, რატომ არის გაჩერებული აბსოლუტურად ყველა რეფორმა და რატომ აღარ არის საერთოდ ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გახარიას თანაგუნდელები საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავენ, რომ მათ მოთხოვნას შეუერთდნენ, რათა კიდევ ერთხელ არ მიეცეს შესაძლებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაექცეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც ეს 5-6 ივლისის მოვლენების შემთხვევაში მოხდა“.


გუშინ, 24 იანვარს, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს სცემს. საუბარია, 23 იანვრის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც მეტროსადგურ „ისანშია“ გადაღებული.

17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა  არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში.

მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობას, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი