ახალი ამბები

პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს ორი აქცია გაიმართება

25 იანვარი, 2022 • 1431
პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს ორი აქცია გაიმართება

პოლიციის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს ორი აქცია გაიმართება.

პოლიციელების მიერ შშმ პირის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გასაპროტესტებლად 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრისთან შეიკრიბებიან პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, „დროა“, “ლელო“, „გირჩი“, “სირცხვილია“, “შეცვალე“. აქციის სლოგანია „არა მილიციას“.

„ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს. ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება“, — წერს ელენე ხოშტარია მეტროში შშმ მოზარდის ცემის შესახებ.

დღესვე, 19:00 საათზე, „მწვანეების” ორგანიზებით, აქცია გაიმართება მთავრობის კანცელარიასთანაც. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ:

„ეს არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტება ხდება, რომელიც ხშირად, სრული უგულებელყოფით, ანდაც საქმის “ჩაფარცხვით” სრულდება ისე, რომ დამნაშავე პოლიციელი პასუხს არ აგებს. ჩვენ, ბოლო ათწლეულებია, პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ძალოვან უწყებებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ. ისინი აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას, გვისმენენ და გვაყურადებენ, არბევენ ჩვენს აქციებს, ძალადობენ აქტივისტებზე, აშანტაჟებენ და აპირისპირებენ საკუთარი გარემოს დასაცავად გამოსულ ადგილობრივ თემებს, მუდმივი დაშინების ქვეშ ამყოფებენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს… წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავად არის საფრთხე”, – ნათქვამია აქციის აღწერაში.

სამოქალაქო აქტივისტების მცირე ჯგუფმა პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტი გუშინ, 24 იანვარს მმართველი პარტიის ოფისთანაც გააპროტესტა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობლებმა კი — შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავა. საუბარია გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.

აღნიშნულის შემდეგ,კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ახალგაზრდა კაცი ოთახში შეჰყავს და ფიზიკურად უსწორდება მას.

მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი