სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს.
„მედიასაშუალებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.“, – აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.
როგორც ბრიფინგზე სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც უწყებამ გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა არაერთი მოწმე. ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოკითხეს თავად მოზარდიც.
უწყება ამბობს, რომ ამ ეტაპზე მის ხელთ არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ:
„2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში.
მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“.
საუბარია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს.
ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.
აღნიშნულის შემდ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ახალგაზრდა კაცი ოთახში შეჰყავს და ფიზიკურად უსწორდება მას.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, რომლითაც პოლიციელები დააკავეს – მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.