ახალი ამბები

მოვითხოვთ, შს მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები – კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა

25 იანვარი, 2022 • 1092
მოვითხოვთ, შს მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები – კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა

“მწვანეების” ორგანიზებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 25 იანვარს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია 24 იანვარს გავრცელებულ კადრებს უკავშირდება, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ:

“ეს არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტება ხდება, რომელიც, ხშირად, სრული უგულებელყოფით, ანდაც საქმის “ჩაფარცხვით” სრულდება. ისე, რომ დამნაშავე პოლიციელი პასუხს არ აგებს.

ჩვენ, ბოლო ათწლეულებია სწორედ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ძალოვან უწყებებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ. ისინი აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას, გვისმენენ და გვაყურადებენ, არბევენ ჩვენს აქციებს, ძალადობენ აქტივისტებზე, აშანტაჟებენ და აპირისპირებენ საკუთარი გარემოს დასაცავად გამოსულ ადგილობრივ თემებს, მუდმივი დაშინების ქვეშ ამყოფებენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს…

წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავადაა საფრთხე”, – ნათქვამია აქციის აღწერაში.

“პოლიციელმა მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცს სცემა” — ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი