ახალი ამბებისაზოგადოება

“ქართული ოცნების” ოფისთან და შსს-სთან აქციები მიმდინარეობს

24 იანვარი, 2022 • 4767
“ქართული ოცნების” ოფისთან და შსს-სთან აქციები მიმდინარეობს

მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობლები პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემას აპროტესტებენ. კერძოდ, საქმე ეხება დღეს, 24 იანვარს ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს.

კადრები, სავარაუდოდ, თბილისში, მეტროს ერთ-ერთ სადგურშია გადაღებული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

“მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება[შსს-ს] საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, — დასძენს უწყება.

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. მას, სავარაუდოდ, მგზავრის წესების დარღვევას ედავებოდნენ.

ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?”.

აღნიშნულის შემდეგ, კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, მანდატურის ოთახში შეჰყავს და ფიზიკურად უსწორდება მას.

კადრებზე განცხადება გაავრცელა შსს-მაც, რომელიც დასძენს, რომ “გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს”.

“მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს”, — აღნიშნავს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი