ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება სოლიდარულია უკრაინის მიმართ – ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

24 იანვარი, 2022 • 1059
საქართველოს ხელისუფლება სოლიდარულია უკრაინის მიმართ – ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საუბარი გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონი საუბარი დღეს, 24 იანვარს, შედგა.

ზალკალიანის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში.

„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვუცხადე მტკიცე თანადგომა და სოლიდარობა არსებულ რთულ ვითარებაში. საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე უკვე მრავალი წელია, რაც დაკავშირებულია ოკუპაციასთან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველო ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი აცხადებს,  მიმდინარე საკითხებან დაკავშირებით საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის როგორც საერთაშორის პლატფორმებზე, ისე ორმხრივ დონეზე არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას და ურთიერთობას.

„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე, ასევე ვისაუბრეთ დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, როგორც აშშ, ისე ნატო, ერთიანი არიან უკრაინის და საქართველოს სუვერენული უფლების დაცვაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთან, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი