ახალი ამბები

ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან

24 იანვარი, 2022 • 3129
ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან

რუსეთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, დასავლეთის უკრაინას იარაღით ეხმარება იმ შემთხვევისთვის, თუ ომი გარდაუვალი იქნება. უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მოაგროვა და სამხედრო წვრთნების მოტივით შეიარაღებული ძალები გადაიყვანა ბელარუსშიც.

თუმცა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში ერთიანი პოზიცია არ არის. მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა, რომელიც უკრაინაში მხოლოდ სამედიცინო ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თებერვალში გერმანიის თანადაფინანსებით უკრაინას გადაეცემა 5,3 მლნ ევროს ღირებულების საველე ჰოსპიტალი, თავისი აღჭურვილობის და ტრენინგების ჩათვლით, თუმცა იარაღის მიწოდება ამ მომენტისთვის სასარგებლო არ იქნება.

ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღით ეხმარებიან:

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. დახმარების პირველი ნაწილი კიევის ბორისპოლის აეროპორტში 22 იანვარს ჩავიდა, მეორე კი — 23 იანვარს. დახმარება მოიცავს 90 ტონა ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2,7 მილიარდი დოლარი გამოყო. აშშ აცხადებს, რომ გააგრძელებს ასეთი დახმარების გაწევას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უკრაინას გაცილებით მეტ თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის.

გართიანებული სამეფო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიაწოდა მსუბუქი, ჯავშანსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ასევე, მცირე რაოდენობით ბრიტანული სამხედრო პერსონალი გაემგზავრა უკრაინაში სწავლების ჩასატარებლად.

კანადა

კანადური მედიის ცნობით, კანადას აქვს სამხედრო მომზადების პროგრამა უკრაინასთან და ცოტა ხნის წინ გაგზავნა სპეციალური ძალების მცირე კონტინგენტი კიევის დასახმარებლად. არც გაერთიანებულ სამეფოს და არც კანადას არ დაუზუსტებიათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღისა და სამხედრო პერსონალის რაოდენობა.

ბალტიის ქვეყნები

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა — მიიღეს ნებართვა ბაიდენის ადმინისტრაციისგან უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნისთვის. ესტონეთი უკრაინას “ჯაველინის” ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის, ხოლო ლატვია და ლიტვა Stinger-ის საზენიტო რაკეტებს და თანმდევ აღჭურვილობას.

ჩეხეთი 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოკოვამ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას ის მთავრობას მიმართავს, 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვიების განუსაზღვრელი რაოდენობით უკრაინის მომარაგების თაობაზე.

“ჩეხეთის რესპუბლიკა ისტორიულად, პოლიტიკურად უკრაინის გვერდში იდგა. თუ უკრაინას სჭირდება დახმარება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია”, — თქვა მან.

ნიდერლანდები

უკრაინამ ნიდერლანდებს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების თხოვნით მიმართა. ნიდერლანდები წარსულში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა აცხადებს, რომ „კონტექსტი შეიცვალა“. პარლამენტში გამოსვლისას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, რომ ღიაა უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის. პარლამენტის უმრავლესობა უკრაინაში შეიარაღების გაგზავნას მხარს უჭერს.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთან, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი