„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, უკრაინაში ჩავიდეს და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე.
„ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა“, – მიმართავს ჯაფარიძე ღარიბაშვილს.
„მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე“, – წერს ჯაფარიძე ფეისბუკზე.
დღეს, 21 იანვარს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ელის აშშ-ის წერილობით პასუხს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე.
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.
ამასთან, მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო.