ახალი ამბები

„ძირითად საკითხებზე უარს გვეუბნებიან“ — მოსკოვი დასავლეთის პასუხს შემდეგ კვირას ელის

13 იანვარი, 2022 • 1844
„ძირითად საკითხებზე უარს გვეუბნებიან“ — მოსკოვი დასავლეთის პასუხს შემდეგ კვირას ელის

მომავალი კვირის განმავლობაში რუსეთი  ელის აშშ-ისა და ნატო-ს წერილობით საპასუხო წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების ფონზე, გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატო-ს. რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

„ჩვენ ვთავაზობთ, თანმიმდევრულად გავყვეთ ტექსტს, ვიმუშაოთ მასზე და მივიყვანოთ იმ მდგომაროებამდე, როცა ხელმოწერისთვის მზად იქნება. დღეის მდგომაროებით ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ამ ტექსტების ძირითად ელემენტებზე აშშ და მისი მოკავშირები ფაქტობრივად “არას” გვეუბნებიან. ხოლო რაზეც ამბობენ „კი, მოდით, გავაგრძელოთ განხილვა“ ნატო-ს არგაფართოებასთან შედარებით მეორეხარისხოვანია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა RTVI-ის ეთერში და დასძინა, რომ იმის შესაფასებლად, აქვს თუ არა აზრი უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების გაგრძელებას, რუსეთს მეორე მხარისგან სჭირდება არა უბრალოდ კომენტარები, არამედ წერილობითი პოზიცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 ივნისს განაცხადა, რომ როგორც აშშ-სგან, ისე ნატო-სგან მიიღო პირობა, რომ ისინი შეეცდებიან შემხვედრი პოზიციის წერილობით წარმოდგენას.

„ამერიკელები შეგვპირდნენ, რომ შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ძალიან უნდა შეეცადონ, შემხვედრი წინადადებები წარმოადგინონ მომავალ კვირაში. იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელით, მზაობა გამოხატა, ნატო-ს რეაქცია ქაღალდზე გადაიტანოს. მე ვფიქრობ, ეს იქნება მომავალი კვირის განმავლობაში და ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, წარვუდგენთ პრეზიდენტს“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ჟენევასა და ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე „დასავლეთის პოზიცია იყო საკმაოდ მწვავე, სადღაც აროგანტული, უკომპრომისო, მაგრამ მშვიდად, საქმიანად ფორმულირებული“. ლავროვის თქმით, ასეთივე მტკიცე, ოღონდ დასავლეთისგან განსხვავებით არგუმენტირებული იყო რუსეთის პოზიცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი