ახალი ამბები

მორაგბეების ნაწილის თქმით, წულუკიანის დავალებით რაგბის კავშირში საკადრო წმენდა მიმდინარეობს

20 იანვარი, 2022 • 1339
მორაგბეების ნაწილის თქმით, წულუკიანის დავალებით რაგბის კავშირში საკადრო წმენდა მიმდინარეობს

მორაგბეების ნაწილი აცხადებს, რომ მინისტრ თეა წულუკიანის დავალებით რაგბის კავშირში საკადრო წმენდა მიმდინარეობს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რაგბის კავშირი უარყოფს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი სიმონ მაისურაძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს, სოსო ტყემალაძეს თანამშორმლების გასათავისუფლებლად ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, თუკი ტყემალაძე თანამშრომლებს არ გაათავისუფლებდა, მას სამინისტრო დაფინანსებას არ ჩაურიცხავდა.

სიმონ მაისურაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მხარს სოსო ტყემალაძის კონკურენტს, ირაკლი აბუსერიძეს უჭერდა.

„მინდა, თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენთანაც იგივე სიტუაციაა, მიმდინარეობს წმენდა და რეპრესიები. ვინც არ იყო ამათთან, თვლიან, რომ ყველა ამათ წინააღმდეგ არის და მასობრივად ათავისუფლებენ ხალხს. ჩვენი დე ფაქტო, შარლატანი, მატყუარა პრეზედენტი [სოსო ტყემალაძე], მე მასთან მქონდა შეხვედრა, როდესაც ის დაინიშნა. მან თქვა, რომ წულუკიანი მას ავალდებულებდა, გაეკეთებინა საკადრო წმენდა, თუ არადა, არ ჩაურიცხავდა კავშირის კუთვნილ დაფინანსებას სახელმწიფოსგან. მე ეს მივიჩნიე მის მორიგ ტყუილად, მაგრამ შემდეგ, როცა მეც და კიდევ ძალიან ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლა ამ პანდემიის პერიოდში, მე დავუკავშირე ეს მის ნათქვამს[…]

მივწერე წულუკიანს ოფიციალური წერილი, ვუთხარი, რომ სოსო ტყემალაძემ ასეთი რაღაც თქვა და თუ თქვენ გარეული არ ხართ, თუ შეგიძლიათ შემხვდეთ, დავილაპარაკოთ ან გააკეთოთ განცხადება… არანაირი პასუხი არ მიმიღია. არც დამკავშირებია არავინ აგერ უკვე ერთი თვეა“, – განაცხადა სიმონ მაისურაძემ.

რაგბის კავშირში კი აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით დაიგეგმა.

„საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით.

რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ“, – ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი