ახალი ამბები

ვეცდებით დახურულ სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას – დროა და ლელო კულტურის სამინისტროზე

20 იანვარი, 2022 • 1336
ვეცდებით დახურულ სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას – დროა და ლელო კულტურის სამინისტროზე

პარტია „ლელო“ და მოძრაობა „დროა“ მხარდაჭერას უცხადებენ ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს.

ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია სახელოვნებო სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები:

„ნათელია, რომ კულტურის სამინისტროს გეგმებში, სამწუხაროდ, არ შედის შემოქმედებითი ინსტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ პირიქით, მათი დასუსტება, დაშლა, პროფესიონალი კადრების დისკრედიტაცია, დაშინება, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორება, საკადრო წმენდის, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციებისა და კონკურსების გზით“.

ამასთანავე, ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გარდა გათავისუფლებისა, თავს იჩენს არაადეკვატური დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – „გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – რასაც ეწირება გელათის მთავარი ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი და არაერთი სხვა ძეგლი“.

„საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების ინფორმირებით, არასამთავრობო სექტორთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევეცდებით ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას და საზოგადოების ინფორმირებას ყველა ეტაპზე.

შეუძლებელია, ქვეყანაში, დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, შემუშავდეს კულტურის განვითარების კონკრეტული ხედვა, რადგან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის არსებობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რისი მოგუდვის მცდელობის თვითმხილველებიც ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლელო“ და „დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკადრო წმენდაში მოხვედრილ თანამშრომლებს, ასევე ამბობენ, რომ შემუშავების პროცესშია „რეპრესიული სისტემის მხილების სამოქმედო გეგმა“. „ლელო“ და „დროა“ ხვალ, 21 იანვარს, კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.


ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გაათავისუფლეს არაერთი თანამშრომელი, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ჩიხლაძე და ნინო ხუნდაძე.

როგორც ნანა ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, სამივე გათავისუფლებული იყო ხელმომწერი პეტიციისა, რომელსაც ერქვა „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“ , და ითხოვდა მუზეუმში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს.

კულტურის სამინისტრო გათავისუფლებებს რეორგანიზაციით ხსნის.

ვრცლად:

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი