ახალი ამბები

თუ ეს არ იყო გაუქმება, რატომ გაათავისუფლეს სახელმწიფო ინსპექტორი? — დეგნანი

18 იანვარი, 2022 • 1476
თუ ეს არ იყო გაუქმება, რატომ გაათავისუფლეს სახელმწიფო ინსპექტორი? — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, არამედ ორ დამოუკიდებელ სამსახურად გარდაქმნას ემსახურებოდა.

„როცა გაქვს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, როგორცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რამის შესაცვლელად სიფრთხილეა საჭირო. თუ აპირებ გააუქმო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გაათავისუფლო სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც აქვს 6-წლიანი მანდატი, სულ მცირე, უნდა დარწმუნდე, რომ ამის საჭიროება კარგად არის ახსნილი და გაგებული საზოგადოების მიერ.

მოსაზრებაა, რომ ეს არ არის გაუქმება — თუ ეს არ იყო გაუქმება, რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის და მისი მოადგილეების გათავისფულება?“ — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ დიდი დანაკარგია ისეთი პროფესიონალების გათავისუფლება, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ მოქალაქეებს მათი უფლებების დაცვის მიზნით.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი. საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მოწოდება ვეტოს დადების თაობაზე და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა.

ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი