ახალი ამბები

“კითხვები დამისვან პირდაპირ ეთერში” — ხაზარაძე “იმედის” შენობასთან მივიდა

16 იანვარი, 2022 • 2137
“კითხვები დამისვან პირდაპირ ეთერში” — ხაზარაძე “იმედის” შენობასთან მივიდა

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია იმედის შენობასთან მივიდა და მზადყოფნა გამოთქვა, პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხები ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე. ხაზარაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გადაცემა “იმედის კვირის” ანონსში გახმიანებული ფრაზა, თითქოს ის და ჯაფარიძე აღნიშნულ გადაცემას ემალებიან. “ლელოს” ლიდერს “იმედმა” უკვე უპასუხა.

რას ამბობს ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, “იმედის” შენობასთან მისვლა “იმედის კვირის” ანონსის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. გადაცემის ერთ-ერთი სიუჟეტი ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს ეხება, ანონსში კი ნათქვამია:

“ხანდაზმული თაღლითობა – ამბავი, რომელსაც სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა – როგორია თაღლითური სქემა, რომლის დახმარებითაც 17 მილიონი თიბისი ბანკიდან ხაზარაძე – ჯაფარიძის ანგარიშებზე აღმოჩნდა. „ლელოს“ ლიდერები „იმედის კვირას“ ემალებიან და ამბის პოლიტიზებას ცდილობენ”.

ხაზარაძის თქმით, მტკიცება, რომ ის და ჯაფარიძე “იმედს” ემალებიან, “მტკნარი სიცრუეა”.

“სამი წელია, ტელევიზია რომელიც ჩემი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის მიერაა დაფუძნებული და უნდა მომსახურებოდა ქვეყნის წინსვლის საქმეს, არის ჩაკეტილი. 3 წლის განმავლობაში არც ერთხელ მქონია საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში ნებისმიერი კრიტიკული კითხვისთვის გამეცა პასუხი”, — დასძინა მან.

16 იანვარს, შუადღისას, ხაზარაძემ “ფეისბუკზე” სტატუსი დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ თუ ინტერვიუს არ ჩამოართმევდნენ და ისე გაუშვებდნენ ხსენებულ სიუჟეტს, დადასტურდებოდა, რომ ტელეარხი დეზინფორმაციას ავრცელებს და მიუკერძოებელია.

“ლელოს” ლიდერს “იმედზე” პირდაპირი ეთერი სურდა. მისი თქმით, ჩანაწერის ფორმატი საკმარისი არ იქნება.

“დავუკავშირდით “ტვ იმედის” პროდიუსერს — არ გეგონოთ, რომ ქუჩიდან მოვედით და პერფორმანსს ვდგამთ — და წინასწარ ვუთხარით, რომ მოვალთ და იმ სიუჟეტის ფარგლებში, რომელიც მზად გაქვთ, პირდაპირ ეთერში “ტვ იმედის” მაყურებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი, ბადრი ჯაფარიძის, ავთო წერეთლის ღირსება შელახონ. აქ არ არის მამუკა ხაზარაძეში საქმე. აქ არის პრეცედენტი, რომელიც არ უნდა გავატაროთ. კითხვები დამისვან პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში მოხდება ლუსტრაცია იმისა, რა ხდება კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, რა ხდება სასამართლო სისტემაში, რა ხდება პროკურატურაში და რატომ არის ეს ქვეყანა ასეთ უბედურებაში”, — დასძინა ხაზარაძემ “ფორმულასთან” საუბრისას.

“იმედის” პასუხი

“იმედმა” მამუკა ხაზარაძეს გადაცემა “იმედის კვირის” მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში უპასუხა. გადაცემის წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის თქმით, ტელეარხს სურვილი ჰქონდა, ზემოხსენებული საქმის ფიგურანტების პოზიციაც მოესმინა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

“ხუთშაბათს პრესსამსახურმა კონკრეტული პასუხი გაგვცა, რომ აზრი არ აქვს კომენტარის ჩაწერას, რადგან არ მოეწონათ ქრონიკაში გასული ფრაზა: “ხანდაზმული თაღლითობა”.

ამიტომ გვირჩიეს სასამართლოს შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამოყენება. ჩვენ მაინც შევთავაზეთ, თუ სურვილი ექნებოდათ და პოზიციას შეიცვლიდნენ, დაგვკავშირებოდნენ. ფაქტია, რომ დრეს დილამდე რეაგირება მათი მხრიდან იყო ნული”, — დასძინა მან.

ჩიხლაძის თქმით, მას შემდეგ, რაც 16 იანვარს ხაზარაძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით “იმედი” გააკრიტიკა, ტელეკომპანია კვლავ დაუკავშირდა პრესსამსახურს, თუმცა უშედეგოდ.

” “ლელოს” პრესსამსახური გვთავაზობს მამუკა ხაზარაძის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს, თანაც 8 საათზე. ეს ჩვენი გადაცემის ფორმატი არ არის და აქ წესებს ჩვენ ვადგენთ და არა პოლიტიკოსები”, — აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი