ავსტრალიამ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში არავაქცინირებულად ყოფნის გამო მეორედ შეუჩერა ვიზა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა “ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის” წესზე დაყრდნობით მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება ჯოკოვიჩი ქვეყნიდან გააძევონ და სამი წლის ვადით აეკრძალოს ავსტრალიის ახალი ვიზის მოთხოვნა. თუმცა, BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმება შესაძლებელია.
ამასთან, 34 წლის სერბ სპორტსმენს კვლავ შეუძლია მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრება. თუ ჯოკოვიჩს ქვეყნიდან საბოლოოდ გააძევებენ, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაში, რომელიც მომავალ კვირას იწყება.
ავსტრალიის მთავრობამ სერბ ჩოგბურთელს ვიზა პირველად გაუუქმა 6 თებერვალს. ავსტრალიური მთავრობის თქმით, მან ვერ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იტყოდა, რომ მისთვის აცრის ჩატარება სამედიცინო ჩვენების გამო არ შეიძლება.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო საექსპერტო ჯგუფმა ჯოკოვიჩს, გამონაკლისის სახით, დართო ნება, არ გაეკეთებინა ვაქცინა.
ჯოკოვიჩს ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთანავე ჩამოერთვა, ის 7 საათის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მას უხსნიდნენ, რომ სპორტსმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს.
ავსტრალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 10 იანვარს გააუქმა და ჩოგბურთელი საემიგრაციო დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლა. ამასთან, მოსამართლემ ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ჯოკოვიჩისთვის იურიდიული ხარჯების გადახდა.
ავსტრალიაში დღესდღეობით მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.