ახალი ამბები

ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩს ღია პირველობაზე მონაწილეობის ნება დართო

10 იანვარი, 2022 •
ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩს ღია პირველობაზე მონაწილეობის ნება დართო

ავსტრალიის სასამართლომ ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საემიგრაციო დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, მოსამართლე ენტონი კელიმ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა და სასტუმროში დროებით დაკავებული ჩოგბურთელის გათავისუფლების შესახებ გასცა ბრძანება. ამასთან, მოსამართლემ ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ჯოკოვიჩისთვის იურიდიული ხარჯების გადახდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ავსტრალიის მთავრობის ადვოკატმა განაცხადა, რომ განჩინების მიუხედავად, ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი, აკექს ჰოუკი საქმეში პირადად ჩარევის და ჯოკოვიჩის ქვეყნიდან გაძევების უფლებას იტოვებს.

ავსტრალიის მთავრობამ 6 თებერვალს 34 წლის სერბ ჩოგბურთელს ვიზა გაუუქმა. ავსტრალიური მთავრობის თქმით, მან ვერ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იტყოდა, რომ მისთვის აცრის ჩატარება სამედიცინო ჩვენების გამო არ შეიძლება.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო საექსპერტო ჯგუფმა ჯოკოვიჩს, გამონაკლისის სახით, დართო ნება, არ გაეკეთებინა ვაქცინა.

ჯოკოვიჩს ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთანავე ჩამოერთვა, ის 7 საათის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მას უხსნიდნენ, რომ სპორტსმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს.

ავსტრალიაში დღესდღეობით მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი