ახალი ამბები

წულაძეს ვადა ამოეწურა, თუმცა კონკურსში მიიღებს მონაწილეობას — მარჯანიშვილის თეატრი

14 იანვარი, 2022 • 1797
წულაძეს ვადა ამოეწურა, თუმცა კონკურსში მიიღებს მონაწილეობას — მარჯანიშვილის თეატრი

მარჯანიშვილის თეატრის განმარტებით, ლევან წულაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვადა ამოეწურა, თუმცა ახალ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, — ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის განცხადებაში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ლევან წულაძის მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ლევან წულაძე „არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი