ახალი ამბები

ადამიანის უფლებებისთვის ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი მესიჯი — თოლორაია

13 იანვარი, 2022 • 1657
ადამიანის უფლებებისთვის ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი მესიჯი — თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამ უწყების გაუქმების კანონზე ვეტოს დადება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა.

დღეს, 13 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა, ვეტო დაედო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე. შესაბამისად, 1 მარტს ეს უწყება გაუქმდება და მის საფუძველზე შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონის ავტორი „ქართული ოცნებაა“, რომელმაც დოკუმენტი თავად ინსპექტორის ჩართვის გარეშე შექმნა. ლონდა თოლორაიასთვის უცნობი იყო, რომ პარტია ამ კანონზე მუშაობდა.

„არ ვიცი, უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ, რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც საუბრობდა ის პირველ განცხადებაში, რეალურად, პრობლემურად დარჩა. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ამ ვეტოს მოლოდინი არსებობდა.

ის, რომ კანონი მიღებული იქნა დაჩქარებული წესით მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ის, რომ გაუქმდა არჩევითი თანამდებობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, როდესაც არაკონსტიტუციურად იქნა ასეთი გადაწყვეტილებები მიჩნეული.

იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩართული არ ყოფილა, იმ ფონზე, როდესაც მთელი ეს პროცესი წარიმართა ყოველივე გამჭვირვალობის გარეშე დახურულ კარს მიღმა, კონსპირაციულად, ვფიქრობ, საკმარის საფუძველს იძლეოდა იმისა, რომ აქ ვეტო გამოეყენებინათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხი, ამიტომ დეტალები – მან რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თავად მას უნდა ვკითხოთ“, – ამბობს ლონდა თოლორაია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

თოლორაია დასძენს, რომ ვეტოს არგამოყენების მიზეზი ასევე შესაძლოა ყოფილიყო ისიც, რომ – „პარლამენტმა წინასწარ გამოაცხადა, რომ არანაირი აზრი ამ ვეტოს არ ექნებოდა და მას დაძლევდნენ“.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამსახურისთვის და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა სფეროსთვის, ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით .. არსებობენ ადამიანები, ვინც ამ კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ეს აქტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

სწორი პოზიციის დაკავება სწორ დროს რამდენად რთულია, ვიცი, თუმცა. ხელის მოწერას მოჰყვა მწვავე განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია არაერთი პრობლემა და ფაქტია, რომ ამ ფორმით მისაღები არ არის და რატომ არ იქნა ეს ვეტოში გამოხატული, თავად ექნება პასუხი“.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა.
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.
მისი თქმით, ახალი კანონით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. მან 30 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.https://netgazeti.ge/life/586449/

მასალების გადაბეჭდვის წესი