ახალი ამბები

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

12 იანვარი, 2022 • 1700
პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

უწყების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით:

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მისი თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი