ახალი ამბები

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოგებულია — ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ადვოკატი

12 იანვარი, 2022 •
პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოგებულია — ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ადვოკატი

პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების — მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ტვ „პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეზე სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ ფულის გათეთრება არ მომხდარა.

მისივე განცხადებით, სასამართლომ 12 იანვრის ამ განაჩენით პროკურატურას „შეუნარჩუნა სახე“, თუმცა ისინი განაჩენის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებენ.

„დღეს დადასტურდა ის, რასაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვამბობთ, რომ არავითარი ფულის გათეთრება არ მომხდარა. ეს მოსამართლემაც დაადასტურა.

დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისათვის (პროკურატურისთვის). კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ თვითონ პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი.

სამართლებრივად უფრო უცნაურია ის, რომ საქმეში დაზარალებული არა არის. თაღლითობა ის მუხლია, რომელსაც დაზარალებული სჭირდება. ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის, ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომი ინსტანციებით და ეს საბოლოოდ დასრულდება გამართლებით.

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოგებულია, რაც ყველაზე მთავარი იყო ამ საქმეში, დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს.

როგორც სამი წლის წინ დავპირდით პროკურატურას, რომ აქ ფულის გათეთრება ვერ დადგებოდა, ასევე ვპირდებით, რომ აქ არც თაღლითობა დადგინდება“, — განაცხადა ზვიად კორძაძემ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


დღეს, 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირდათ და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი