ახალი ამბები

ივანიშვილმა შარშან შემოგვთავაზა, იქნებ „დავალაგოთო“ — მამუკა ხაზარაძე

11 იანვარი, 2022 • 3511
ივანიშვილმა შარშან შემოგვთავაზა, იქნებ „დავალაგოთო“ — მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომლის წინააღმდეგაც 3 წელია, ფულის გათეთრების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეთანხმება შესთავაზა, რაზეც უარი თქვა.

„ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ ამაზე არ წავედი, ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს არ წავედი, როცა ქონების ახევას მიპირებდნენ. არ გამოვსულვარ ტრიბუნაზე და არ მითქვამს, მაგრამ ახლა, როცა ამან მიიღო არა მარტო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სახე, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესზეა საუბარი, მე ვალდებული ვიყავი, პოზიცია დამეკავებინა.

მიხარია, რომ ეს პოზიცია დავიკავე და თავი არ დავუხარე, რადგან ბევრი მეგობარი და დამწყები ბიზნესმენი მიყურებს და მათთვის მე და ბადრი ჯაფარიძე ვართ იმედი, ამ ქვეყანაში საქმის წესიერად კეთება მაინც პერსპექტიულია“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ჟურნალისტებთანაც, თუმცა არ უპასუხა კონკრეტულ კითხვებს, თუ ვისი შუამავლობით და რა პირობებზე მორიგება შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს არის პოლიტიკური დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელებულიყო ისეთი პროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. დღეს მთავარი პროკურორი არის ბიძინა, მთავარი მოსამართლე არის ბიძინა, შს მინისტრი არის ბიძინა და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა.

შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან (მე მგონი, შარშან), რომ იქნებ დავამთავროთ… მას რა უნდა, იცით? — ყველა მასთან იყოს ვალში. მას სურს, ან ვალში იყო მასთან, ან გაშავებული იყო კომპრომატებით“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცის, რა შეთანხმებაზე საუბრობდა მამუკა ხაზარაძე.

„არ ვიცი, მამუკა რას გულისხმობდა“, — თქვა მან.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის 3-წლიანი განხილვა დასრულდა და თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ. გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი