ახალი ამბები

ომიკრონის 621 შემთხვევიდან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 7 უკვე გაეწერა – გამყრელიძე

11 იანვარი, 2022 • 1554
ომიკრონის 621 შემთხვევიდან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 7 უკვე გაეწერა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, „ომიკრონის“ შტამის 621 შემთხვევიდან მხოლოდ 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ გამყრელიძემ ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის, ისაუბრა „ომიკრონის“ შტამის გავრცელების სტატისტიკაზე.

გამყრელიძე განმარტავს, რომ დღეს შემთხვევათა დაახლოებით 45% „ომიკრონის“ შტამია. აქედან ლაბორატორიულად დადასტურდა 951, დეტალურად შესწავლილია  621 ადამიანი.

„951 შემთხვევა, ლაბორატორიულად დადასტურებული ჩვენთან – ლუგარში და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი. ეპიდკვლევა ღრმა ჩაატარეს და ვიცით ამ ადამიანების შესახებ მონაცემები, საშუალო ასაკი მათი არის ახალგაზრდა – 32,9 წელი.

აქედან 71 არის 18 წელზე ნაკლების, 5 წლამდე ასაკის არის 13 და მათ შორის 6 თვემდე – 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქეები, დანარჩენები გახლავთ უცხოელები და შემოტანილები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს შორისაც გახლავთ საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევები, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან.

11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით, არა ძირითადად – კოვიდით, და მათგან 7 უკვე გაეწერა, 4 რჩება ჰოსპიტალში. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია“, – აცხადებს ის.

თებერვალში შესაძლოა, დღიურად ომიკრონის 60 ათასამდე შემთხვევა გვქონდეს — გამყრელიძე

 


საქართველოში 11 იანვრის მონაცემებით, სულ, დადასტურებულია „ომიკრონის“ შტამის 951 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, სამედიცინო სფეროს ექსპერტების, მათ შორის, ამირან გამყრელიძის თქმით დაუდასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა რამდენჯერმე მეტია.

საქმე ის არის, რომ კორონავირუსის შტამის დადგენას სჭირდება ან სპეციალური პისიარ ტესტი, ან ლაბორატორიული კვლევა. ყველა შემთხვევას კი ამგვარი კვლევა არ უტარდება.

იანვარში შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზრდება „ომიკრონის“ გამო – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი