ახალი ამბები

იანვარში შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზრდება „ომიკრონის“ გამო – გამყრელიძე

5 იანვარი, 2022 • 1932
იანვარში შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზრდება „ომიკრონის“ გამო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იანვრის თვეში მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული მატება.

ის განმარტავს, რომ ამის მიზეზი ვირუსის ახალი შტამი – „ომიკრონია“.

გამყრელიძის თქმითვე, დღეს საქართველოში უკვე ფიქსირდება „ომიკრონის“ შიდა გადადება, მათ შორის არიან ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებიც, თუმცა ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც ე.წ. ბუსტერ დოზითაა აცრილი – „8 შემთხვევაა ბუსტერიზებული“.

ასევე, ინფიცირებულ ადამიანებს შორის მცირეა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი, 159 შემთხვევიდან, რომელიც დილით ფიქსირდებოდა, კლინიკაში 5-ია გადაყვანილი, აქედან 3-ს ქრონიკული დაავადების გამო.

ამირან გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ დილის შემდეგ ინფორმაცია განახლდა და, ჯამში, საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევა დადასტურდა – „ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3-4-ზე, რომ დავასახელოთ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი. „ომიკრონის“ გავრცელების მაჩვენებელი რეალურად 3-4-ჯერ მეტია“.

„პროგნოზულად შეიძლება დავასკვნათ, რომ იანვარში, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენ გვექნება შემთხვევების ზრდა და გააჩნია, ეს რა სისწრაფით წავა. თუ ჩვენ ავიღებთ პირველ შემთხვევებს 13-დან 19 დეკემბრამდე, როდესაც გამოვლინდა პირველი შემთხვევები, 18 გახლდათ 1 კვირაში, მეორე კვირაში გამოვლენილი იყო 58, მესამე კვირაში გამოვლინდა 74 და ახლა, 3 იანვრიდან დღევანდელ დღემდე, გვაქვს დაამტებით კიდევ 103 შემთხვევა.

ზრდა არის დინამიკური, ის არ არის ე.წ. სამჯერადი ან ოთხჯერადი, ჯერჯერობით მერყეობს 30-40%-ის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ იანვარში ჩვენ გვექნება სერიოზული ზრდა ახალი შემთხვევების, გამოწვეული ომიკრონით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე და ამატებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა „ახალი შემოტევისთვის“ მზადაა.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძე ასევე აფასებს მოსაზრებებს ახალ შტამთან დაკავშირებით და დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს – „დასუსტებულმა ვირუსმა, რომლის აგრესიულობაც მცირდება, სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. პოპულარული იმუნიტეტი, აცრებთან ერთად“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი