ახალი ამბები

ყაზახეთის შსს ამბობს, რომ 4 ათასზე მეტი „ტერორისტი“ დააკავა

8 იანვარი, 2022 • 2124
ყაზახეთის შსს ამბობს, რომ 4 ათასზე მეტი „ტერორისტი“ დააკავა

ყაზახეთის შსს მედიასთან ამბობს, რომ დააკავა 4 266 დემონსტრანტი დააკავა.

ეს ცნობა დღეს დილით რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. მათ შორის, Интерфакс-მა, რომელსაც უწყებამ უთხრა, რომ დაკავებულებს შორის არის 100 მოქალაქე „მეზობელი ქვეყნებიდან“. 

ამასთანავე ტელეგრამ არხი Nexta Live წერს, რომ ექსტრემიზმის ბრალდებით დაკავებულია ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თავმდჯომარე – კარიმ მასიმოვი.

არეულობის ფონზე, ალმათიში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. 7 იანვარს პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ბრძანება გასცა, რომლითაც სამხედროებს გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ ცეცხლი გაუხსნან „ტერორისტებს“.

ყაზახეთის პრეზიდენტმა „ტერორისტებისთვის“ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა


აზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.

ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.

ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი