ახალი ამბები

ალმათიში დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო

6 იანვარი, 2022 • 2126
ალმათიში დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო

ყაზახეთის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილ ქალაქში – ალმათიში დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ იწყებს.

„ქალაქში დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია წესრიგის დამყარების მიზნით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ქალაქის ქუჩებში სროლის ხმა ისმის.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა.

პასუხად ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელებს გააგზავნიდა.

უცნობია გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა. ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილი 8 პოლიციელი. თუმცა, სოციალურ ქსელ თვითერში ვრცელდება კადრები, სავარაუდოდ, ალმათის ერთ-ერთი მორგიდან. ვიდეოში ათობით ცხედარი ჩანს.

ალმათიში ამჟამად მოქმედებს კომენდანტის საათი. შეფერხებულია ინტერნეტზე წვდომა.


2 იანვარს ყაზახეთში საწვავის ფასის ორჯერ გაზრდის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამდღიანი აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადააყენა მთავრობა, დააწესა ფასების სახელმწიფო რეგულაცია და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში, მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში – ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა, პრეზიდენტის რეზიდენცია და აეროპორტი დაიკავეს. შენობათა ნაწილს წაუკიდეს ცეცხლი. დაპირისპირება გრძელდება ამ დრომდე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58. 

მასალების გადაბეჭდვის წესი