ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ბრძანება გასცა, რომლითაც სამხედროებს გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ ცეცხლი გაუხსნან „ტერორისტებს“.
მანამდე, არეულობის ფონზე, ალმათიში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ტეროტისტებს კვლავ იერიში მიაქვთ მთავრობისა და კერძო საკუთრებაზე, იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ. გავეცი ბრძანება – ჯარმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე“, – თქვა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მანვე თქვა, რომ „დამნაშავეებთან და მკვლელებთან“ შეუძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკება.
მთავარი ფოტო: currentime-ის ტელეგრამ არხი
ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.
ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.
პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.
ყაზახეთში გუშინ გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.
ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ძირითადი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.