ახალი ამბები

ყაზახეთი აღარ შეუშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

6 იანვარი, 2022 • 3425
ყაზახეთი აღარ შეუშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

ყაზახეთის ტერიტორიაზე ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შევლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუკავშირა.

როგორც რუსული სამთავრობო გამოცემა RIA წერს, ამიერიდან ყაზახეთში  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არც საჰაერო და არც „სხვა ნებისმიერი სახის ტრანსპორტით“ აღარ შეუშვებენ. .

ამ დროისთვის ყაზახეთში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც. 10-მდე მოქალაქეს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა და საჭიროებისამებრ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. უწყება ამბობს, რომ სხვა მოქალაქეებთან კონტაქტზეა.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.

განახლება: რამდენიმე საათში ყაზახეთის მთავრობამ უარყო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება. ოფიციალურ განცხადებაში. მათ თქვეს, რომ საუბარია საჰაერო რეისებზე, რომელბსაც თავად ავიაკომპანიები აუქმებენ.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა. პასუხად ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელებს აგზავნის.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

ყაზახეთში გუშინ გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ. ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

ყაზახეთში საქართველოს 10-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ – საგარეო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი