ახალი ამბები

ყაზახეთში საქართველოს 10-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ – საგარეო

6 იანვარი, 2022 • 2281
ყაზახეთში საქართველოს 10-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ყაზახეთში საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

უწყებამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამჟამად საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.

„ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, – ამბობენ სამინისტროში.

გუშინ, გვიან ღამით მოქალაქე ბაჩანა მელაშვილმა ფეისბუკზე ვიდეო გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მას და მასთან მყოფ პირებს არ აქვთ წვდომა პირველადი საჭიროების პროდუქტებთან – მათ შორის საკვებთან.

„ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.

კონსულის განცხადებით, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით“, – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტეროტისული ოპერაცია“ დაიწყო.

არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა. პასუხად ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელებს აგზავნის.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი.

ყაზახეთში გუშინ გაითიშა  ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ. ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი