გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი ნინო გოგორიშვილის აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ვერ იქნება.
“ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, როცა ვუყურებდი ნიკა გვარამიას ინტერვიუს პირდაპირ ტრანსლაციას, როცა ის გამოვიდა ჰოსპიტლიდან და ტელემედიას მისცა ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. მას შემდეგ, რამაც გაიჟღერა ნიკა გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნების და ჰოსპიტლის შესახებ”, – აცხადებს ნინო გოგორიშვილი.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის საბა ბრაჭველის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი მკურნალი ექიმი დანიშნული არ არის და სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა. მიხეილ სააკაშვილის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მეორე დღეს განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების თაობაზე.
28 დეკემბერსვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ადასტურებს მოცემულოებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოსტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია. ამ განცხადებიდან მცირე ხანში, გორის ჰოსპიტლის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებს წაუკითხა, მისი თქმით, ექიმი ნინო გოგორიშვილის განმარტება, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი ისინი განავრცო.
ჟურნალისტებთან კომენტარი თვითონ გოგორიშვილმაც გააკეთა და გვარამია „ინტერპრეტაციაში“ დაადანაშაულა:
„მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა გოგორიშვილმა.
ნიკა გვარამიამ ექიმზე ზეწოლის შესახებ ბრალდება უარყო და პენიტენციურს კამერების ჩანაწერების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის ექიმი გვარამიას „შეცდომაში შეყვანაში“ ადანაშაულებს







