ახალი ამბები

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის ექიმი გვარამიას „შეცდომაში შეყვანაში“ ადანაშაულებს

28 დეკემბერი, 2021 • 3945
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის ექიმი გვარამიას „შეცდომაში შეყვანაში“ ადანაშაულებს

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა, ექიმმა ნიკა გვარამია „შეცდომაში შეყვანაში“, მისი პასუხების „ინტერპრეტაციასა“ და ამის შედეგად „ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებაში“ დაადანაშაულა. გვარამია ბრალდებას უარყოფს და კამერების ჩანაწერის ამოღებას ითხოვს.

რა ხდება?

მიხეილ სააკაშვილის თანახმად, 27 დეკემბერს, საღამოს საათებში, მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს გორში „გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, ხოლო „მკურნალობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გაწერის შესახებ“.

ბრეგაძის თანახმად, სააკაშვილს „აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა“, რის გამოც სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადაიდო.

გვარამიას განცხადება

მეორე დღეს, 28 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა.

გვარამიამ განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ადასტურებს მოცემულოებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოსტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია.

გვარამიამ ამ ბრიფინგზე ჩამოთვალა რამდენიმე პოსტულატი, რომელსაც, მისი თქმით, თანხმობის ნიშნად ხელი მოაწერა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა. მაგალითად:

  • „ბოლო ერთი კვირა [სააკაშვილის] ანალიზები სტაბილური იყო და ნორმაში“
  • „ფსიქიატრიული მდგომარეობა სტაბილური იყო ჩემი დაკვირვების, მაგრამ ფსიქიატრის გარეშე ხორციელდებოდა ეს დაკვირვება“
  • „კონსილიუმმა იცოდა რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო“
  • „სახელმწიფო კონსილიუმი არ იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ფორმა 100 შევავსე და გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული“;
  • „ახლანდელი მდგომარეობა – ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა, ყველაფერი ეს გამოწვეულია სტრესით“;
  • „პაციენტი აღარ ითვლება გაწერილად. გუშინ 19:00 წუთზე გაიხსნა ხელახლა ავადმყოფობის ისტორია, დირექტორმა გუშინვე გააკეთა საჯარო განცხადება, ჩაწერა რამდენიმე მედიამ, როგორც დასტურდება, ერთ-ერთი მათ შორის ნამდვილად იყო შსს-ს პრესსამსახური და უნდა გადაეცა სხვებისთვის, მაგრამ გაურკვეველია, რატომ არ იქნა გამოქვეყნებული“;
  • „პირველი [სააკაშვილთან] შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს, შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად დაუწყეს იძულებით გაყვანა, იყო შეხლა-შემოხლა, კრიზი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში, წნევა 180/110-ზე, პულსი 140, მიიღო ორი [ტაბლეტი ერთ-ერთი წამალი წნევის დასარეგულირებლად] და ერთი [ანტიარითმიული მედიკამენტი]“;
  • „სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე, საათის მოხსნის მიზეზით შევიდა რამდენიმე ბადრაგი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულებით“;
  • „რეკომენდაცია გადაყვანაზე – უარყოფითი. დღეის მდგომარეობით, გადაყვანა დაუშვებელია“;
  • „ფსიქორეაბილიტაცია PTSD-ს [პოსტრავმული სტრესული აშლილობის] შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თავისუფლების პირობებში რეაბილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია“;
  • მიუხედავად იმისა, რომ ფსიქონერვოლოგიური სტატუსი არ იყო ბოლომდე დადგენილი, სომატური ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგში იყო და იქნა გადაწყვეტილება გაწერაზე მიღებული“;
  • „გამოკითხვის ოქმი შედგენილია 28 დეკემბერს, დაწერილია ჩემი კარნახით და ვეთანხმები სრულად“.

გვარამიას თანახმად, ყოველი ამ წინადადების ბოლოს ექიმი ნინო გოგორიშვილი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს.

მთავარი ექიმის განცხადება და გოგორიშვილის უარყოფა

ამ განცხადებიდან მცირე ხანში, გორის ჰოსპიტლის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებს წაუკითხა, მისი თქმით, ექიმი ნინო გოგორიშვილის განმარტება, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი ისინი განავრცო.

„რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით“, – თქვა ექიმმა.

როგორც მთავარი ექიმი ამბობს, გოგორიშვილისთვის „აღნიშნული ფაქტი იყო შოკისმომგვრელი“, რამაც მიაყენა „ფსიქოლოგიური ტრავმა“. მისი თქმით, „ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციას“.

ჟურნალისტებთან კომენტარი თვითონ გოგორიშვილმაც გააკეთა და გვარამია „ინტერპრეტაციაში“ დაადანაშაულა:

„მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

გვარამიას პასუხი

ექიმების განცხადებების ნიკა გვარამია ფეისბუკზე გამოეხმაურა და ბრალდება უარყო:

„ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში“, – წერს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი.

გვარამია იმეორებს, რომ „ყველა პუქტზე მისი [ექიმ გოგორიშვილის] ხელმოწერაა“ და  სრულ დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა, ტექსტით: „შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი