ახალი ამბები

ბიურომ ინსპექტორზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება ისევ არ დაარეგისტრირა

29 დეკემბერი, 2021 • 2324
ბიურომ ინსპექტორზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება ისევ არ დაარეგისტრირა

ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ პარლამენტის ბიურომ ისევ არ დაარეგისტრირა.

“ლელოს” მიერ ინიცირებული ალტერნატიული წინადადება ბიუროზე ვერც გუშინ დარეგისტრირდა, რადგან გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომა ჩაშალა.

როგორც დღეს, 29 დეკემბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ოპოზიციის “მოტივი არის, რომ ფორმალური პროცედურები იქნას ბოროტად გამოყენებული, რომ ხელი შეეშალოს კანონპროექტის მიღებას”, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა.

“ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

გუშინ კანონპროექტს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკისა, მხარი სამმა კომიტეტმა დაუჭირა. დღეს კი “ოცნების” კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გავა განსახილველად.

როგორც “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ბიურო ოპოზიციის კანონპროექტს დაარეგისტრირებდა, მაშინ სესიამდე კომიტეტი უნდა ჩანიშნულიყო, სადაც მათი წინადადება განიხილებოდა და შესაბამისად, რიგგარეშე სესიის სხდომა, სადაც “ოცნების” კანონპროექტი უნდა განიხილონ, დროში გაიწელებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი