ახალი ამბები

ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი – „ლოკომოტივი“

28 დეკემბერი, 2021 • 2283
ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი – „ლოკომოტივი“

საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ განცხადებას ავრცელებს და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. გუნდის ხელმძღვანელობის თქმით, ფინანსური პრობლემების გამო კლუბი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში:

„ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე“ – აცხადებენ გუნდში.

„ლოკომოტივი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში:

„აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა“ – აცხადებენ გუნდში.

როგორც სპორტული გამოცემა „ლელო“ წერს, მთავარი მწვრთნელის გარდა, გუნდი ასევე დატოვეს ფეხბურთელებმაც მათ შორის არიან, მეკარე მარკ სპეკელინკი, მცველები გიორგი გაბაძე, ადამა ვადი, ნიკა სანდოხაძე, სანდრო გურეშიძე, დავით უბილავა, ასევე ნახევარმცველები – დავით სამურკასოვი, თემურ შონია, თორნიკე კირკიტაძე, ბექა დარცმელია, კახა კახაბრიშვილი, გიორგი დიასამიძე და თავდამსხმელები – მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების რეკლამირება იზღუდება.

სანამ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე იყო, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, განაცხადა, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებდა, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი