ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის თასის შეჯიბრს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში ჩაატარებს

28 დეკემბერი, 2021 • 2283
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის თასის შეჯიბრს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში ჩაატარებს

2022 წლის სათხილამურო სეზონისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი. უკვე ცნობილია, რომ 19 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ევროპის თასის გათამაშების ეტაპი სნოუბორდის პარალელურ სლალომში, 20 თებერვალს კი გიგატურ სლალომში.  

ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის სახეობაში იასპარეზებენ.

2022 სეზონის დაწყებამდე საქართველოს სამთხილამურო ფედერაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ  პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

 „სეზონისთვის სამზადისი ჩვენ პარტნიორებისა და უცხოელი ტექნიკური პერსონალის ჩართულობით დავიწყეთ. ვეცნობით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებულ კოვიდ-პროტოკოლს, რომლითაც ფედერაციები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ზამთრის კურორტებზე ხელმძღვანელობენ. მკაცრად იქნება დაცული ყველა მითითება, იმისთვის რომ სპორტსმენებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წარმატებით მივუახლოვდებით მსოფლიო ჩემპიონატს.“ –  განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ. 

ისტორიული კურორტი ბაკურიანი  2023 წელს, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს გამართავს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე საქართველოს მთის კურორტებმა უკვე უმასპინძლეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპებს. 

„განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მოახლოებული სეზონისთვის მიმდინარეობს მიწის სპეციალური საფარის სამუშაოები, რაც ხელოვნურ გათოვლიანებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. აქტიურად ვემზადებით 2023 წლისთვის“ – განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა  ირაკლი ჭირაქაძემ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის დანერგვას უწყობს ხელს. ამ წარმატების მიღწევაში, სახელმწიფოსთან ერთად, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორს კომპანია სილქნეტს, უდიდესი როლი მიუძღვის. 

„კომპანია სილქნეტი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაზე და ქვეყანაში ზამთრის სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. სილქნეტს, როგორც ფედერაციის პარტნიორს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რომელსაც საქართველომ წარმატებით უნდა უმასპინძლოს“ – განაცხადა სილქნეტის პროდუქტებისა და ბრენდის მართვის დირექტორმა დავით ბირმანმა. 

საქართველოს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საქართველოს შიდა ეტაპების ჩატარებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა. 2022 წელს საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე იანვრიდან აპრილამდე 10 ეტაპია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ.

 2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის, საკმაოდ დატვრთული და სანახაობრივი იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი