ახალი ამბები

თამარ გაბუნიას თქმით, ის ჯადნაცვის სამინისტროში რჩება

28 დეკემბერი, 2021 •
თამარ გაბუნიას თქმით, ის ჯადნაცვის სამინისტროში რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროში რჩება, თუმცა არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა კვლავ მინისტრის მოადგილე. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ის პროექტები, რომელიც ამ პირობებში მიმდინარეობს და ის ტექნიკური რესურსი, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას ხმარდება, იყოს ფუნქციონირებადი და გააგრძელოს მუშაობა ოპტიმალურ რეჟიმში.

ამდენად, ვიდრე სამინისტროში ჩემი დარჩენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს გარდამავალი პერიოდი, ყველა რისკის მართვა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს პანდემიას, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ბუნებრივია, მე ამ სამსახურისთვის მზად ვარ ნებისმიერი პოზიციიდან”, — განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრობის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. თუმცა 2021 წლის დასრულებამდე, სანამ ახალი მინისტრის კანდიდატურა შეირჩეოდა, ტიკარაძე ამ პოზიციაზე მუშაობას აგრძელებდა.

გუშინ, 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, “აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება” და “არის ძალიან კარგი მენეჯერი”. რაც შეეხება სამედიცინო სფეროსთან კავშირს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი მინისტრი “არის გაზრდილი ექიმების ოჯახში”, ასევე “კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი