ახალი ამბები

აღნიშნული პროცესის ნაჩქარევად წარმართვის აუცილებლობა არ იყო — დეგნანი ინსპექტორზე

27 დეკემბერი, 2021 • 1578
აღნიშნული პროცესის ნაჩქარევად წარმართვის აუცილებლობა არ იყო — დეგნანი ინსპექტორზე

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანი პარლამენტს მოუწოდებს, რომ პროცესი შენელდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი უწყება, რომლის ფუნქცია მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მის მოვალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელეების მიერ ყოფილიყო ჩადენილი. ამით იგი უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე.

ახალი კანონპროექტის შემუშავების პროცესი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციას და მის ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს, სამწუხაროდ ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა. მათ შორის, არ ყოფილა კონსულტაციების თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ამ სფეროს ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო საჭიროება იმისა, რომ აღნიშნული პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩის თქმით, პრობლემურია ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

„გარდა ამისმა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა სამსახურმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც სამსახურის გაძლიერებას ითვალისწინებდა. თუმცა ამ კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა.

ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხია ის, რომ ახალი კანონპროექტში შედის ისეთი რეგულაცია, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას გულისხმობს უკვე მარტის თვიდან, როდესაც არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლების მიმართ არ ყოფილა არც პარლამენტის, არც სხვა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან. ყველა მათგანი არის ამ სფეროს ექსპერტი, რომელიც მრავალი წელია მუშაობს და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს. სამწუხარო იქნება, თუ ეს ადამიანები მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს პარლამენტს, რომ „ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილოს და პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე გახადოს.

„ჩვენი მხრიდან პარლამენტის მიმართ რეკომენდაცია და თხოვნა იქნება, რომ ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება, მოხდეს ინკლუზიური პროცესის წარმართვა და მასში გათვალისწინებული იყოს ის რეალური შეთავაზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ამ პროცესში ჩაერთოს როგორც ინსპექტორის სამსახური, ასევე ამ სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული პირები. ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და თხოვნა“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დღეს, 27 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი