ახალი ამბები

დიდწილად განპირობებულია დასკვნით, რომელიც სააკაშვილზე უნდა დაედო – მელია სახელმწიფო ინსპექტორზე

27 დეკემბერი, 2021 • 1702
დიდწილად განპირობებულია დასკვნით, რომელიც სააკაშვილზე უნდა დაედო – მელია სახელმწიფო ინსპექტორზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას იმ დასკვნას უკავშირებს, რომელიც უწყებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გამოაქვეყნოს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაინიცირება იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი განსხვავებულ და კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი ებრძვის.

„სახელმწიფო ინსტიტუტი სწორედ ასეთად წარმოუდგენია ადამიანების უმრავლესობას და ასეც არის. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ბუნებრივია, ლონდა თოლორაიას ხო არ დააპატიმრებდნენ, ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში, ადგნენ და გააუქმეს. იმ უწყებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იძიებს არაადამიანურ მოპყრობას და მაქსიმუმ ერთ თვეში იგეგმებოდა და იმედია, ეს ყველაფერი დღის სინათლეს იხილავს, დასკვნა, რომელიც იქნებოდა ძლიერი მტკიცებულება არა მარტო ჩვენს ე.წ. სასამართლოებში, არამედ სტრასბურსგის სასამართლოსთვის.

ამიტომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, ყველა ადმინისტრაციული ორგანო და ყველა ის დემოკრატიული რესურსი, რომელიც შემორჩენილია და ასეთი არის მხოლოდ ორი: სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. სახალხო დამცველს დაპატიმრებით ემუქრებიან და უკეთეს შემთხვევაში საუბრობდნენ, რომ მათი გუნდის წარმომადგენელი უნდა იყოს ნინო ლომჯარიას ადგილს. სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც დიდწილად განპირობებული არის იმ დასკვნით, რომელიც მათ მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა დაედოთ, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმის ირგვლივ ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი