ახალი ამბებისაზოგადოება

ვართ თუ არა პოლარიზებული საზოგადოება?

28 იანვარი, 2022 • 7667
ვართ თუ არა პოლარიზებული საზოგადოება?

ხშირად გვესმის, საქართველოში მოსახლეობა პოლიტიკურად პოლარიზებულიაო. იმის გასარკვევად, ვართ თუ არა პოლარიზებული საზოგადოება, დასაწყისისთვის მოვიშველიოთ თავად ცნების განმარტება:

პოლარიზაცია შესაძლოა განვმარტოთ როგორც იდეოლოგიური დაშორება ერთ საზოგადოებაში არსებულ ორ ჯგუფს შორის.

იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული ვიდეო:

“ქართული პოლიტიკური სივრცე ხშირად ფასდება ხოლმე, როგორც განსაკუთრებულად პოლარიზებული, რომლის ორ პოლუსსაც „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს(Casal Bértoa 201917; Georgian Institute of Politics 201918).

თუმცა იშვიათად განიხილავენ ხოლმე იმას, თუ რამდენად განსხვავდება ეს ორი პარტია კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. „საარჩევნო კომპასი – საქართველოს“ მიერ შეგროვებული მონაცემები იძლევა შესაძლებლობას, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ საკითხები, რომლებიც მათ განასხვავებს ერთმანეთისგან”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ* გამოაქვეყნა, 30 პოლიტიკური საკითხის ირგვლივ იკვლევდა ამომრჩეველს საქართველოში. მათგან 11 საკითხი ეკონომიკას ეხება, 19 კი- სოციალურს. ეკონომიკურ საკითხებს შორის ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ორი ყველაზე დიდი პარტია, “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 7 საკითხზე თანხმდება, 4 საკითხი კი განასხვავებთ.

ამასთან, “ქართული ოცნება” სახელმწიფოს, როგორც ასეთის, გაფართოების მომხრეა, რითიც  მემარცხენე რიტორიკის მატარებელია, როცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფოს შეკვეცის მომხრეა, რაც მემარჯვენე პოლიტიკის ნაწილია.

მთლიანობაში, 30 პოლიტიკური საკითხიდან ნახევრის შემთხვევაში აღნიშნული ორი პარტია ერთსა და იმავე პოზიციაზეა

რაც შეეხება კულტურულ განზომილებას (ანუ ლიბერალურ-კონსერვატიულ დაყოფას), „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტად აქვთ ურთიერთსაპირისპირო პოზიციები. 19-დან 11 საკითხზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ხედვები განსხვავდება. 11-დან 8 საკითხზე „ქართული ოცნება“ კონსერვატიული პოზიციებისაკენ იხრება, დანარჩენ ოთხზე კი- ლიბერალურისკენ, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპირისპირო ხედვები აქვს.

მაგალითისთვის ქვემოთ მოყვანილ ცხრილს გადავხედოთ:

პოლიტიკური საკითხები ლიბერალურ-კონსერვატიული განზომილებიდან, რომლებთან დაკავშირებითაც ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საპირისპირო ხედვები აქვს.

საკითხი, რომლის შესახებაც არცერთ პოლიტიკურ მიმართულებას არ აქვს ჩამოყალიბებული საერთო პოზიცია, მინიმალური ხელფასია. თუმცა ის, თუ რატომ იქცა მინიმალური ხელფასი ასეთ სადავო საკითხად, სხვა კვლევის საგანია.

პოლარიზაცია, რომელიც თანამედროვე სამყაროში დღითიდღე პოპულარული ცნება ხდება, ხშირად განხილულია დემოკრატიისა და სახელმწიფო მოწყობის დამაზიანებელ მოვლენად. საქართველოს მაგალითზე პოლარიზაცია განხილულია, როგორც “ახალგაზრდა დემოკრატიის” შემასუსტებელი მოვლენა და, შესაბამისად, ძირითადი ფოკუსიც მის მინიმუმადე დაყვანის მცდელობაზეა გადატანილი.

“თუმცა, მიუხედავად საქართველოს სოციალური, მედია და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ანალიზის მრავალგზის მცდელობისა, ძალზე ცოტა ავტორს აქვს განმარტებული, თუ რას გულისხმობს რეალურად ეს ტერმინი საქართველოს კონტექსტში და კიდევ უფრო ცოტა ავტორს გაუზომავს ის”, – ვკითხულობთ კვლევაში

ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ამომრჩეველი არ არის პოლარიზებული.

პოლარიზაციის მაჩვენებელი საქართველოში Who Governs-ის მონაცემების მიხედვით

შედარებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ გერმანიაში ბოლო 5 არჩევნებისას მოსახლეობაში პოლარიზების მაჩვენებელი 19.2%-ით გაიზარდა და 2017 წელს 25.7% შეადგინა.

კვლევის ის ნაწილიც, რომელიც საუბრობს პარტიების ამომრჩეველთან თანხვედრზე, ქვემოთ მოცემულ გრაფაზეა ნაჩვენები, რამდენად ახლოს არიან იდეოლოგიურად პარტიები ელექტორატთან.

მაგალითად, პარტია გირჩის, რომელიც ეკონომიკურად მემარჯვენე პარტიაა, ამომრჩეველი მისგან სრულიად მარცხნივ არის განაწილებული, ანუ პარტიის გაცხადებულ ეკონომიკურ ხედვებთან შედარებით უფრო მემარცხენე პოზიციები აქვს.

როცა, მაგალითად, დაახლოებით საპირისპირო სურათი გვაქვს პატრიოტთა ალიანსსა და მის ამომრჩეველთან დაკავშირებით.  ამ ცხრილის მიხედვით შუა ნიშნულზე ყველაზე უფრო მეტად  იმყოფება ქართული ოცნება და მისი ამომრჩეველი. პარტიას ორივე მიმართულებით დაახლოებით თანაბრად ჰყავს ამომრჩეველი განაწილებული.

“ქართულ პოლიტიკურ კომპასზე პარტიათა უმეტესობა ან მემარცხენე და კულტურულად კონსერვატიულია, ანდა ლიბერალური და მემარჯვენე მიდრეკილების მქონე. შესაბამისად, ორგანზომილებიან იდეოლოგიურ ველზე ორნაირი იდეოლოგიური ვაკუუმია შექმნილი – მემარცხენე-ლიბერალური და მემარჯვენე-კონსერვატიული. ამ ღირებულებების მქონე ამომრჩევლები ქართულ პოლიტიკაში არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი.”

როცა ვსაუბრობთ პარტიებისა და ამომრჩევლების იდეურ თანხვედრაზე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რამდენად სწორხაზოვნად მიჰყვებიან პარტიები თავიანთ არჩეულ გზას და კონკრეტული ტიპის პარტიისთვის დამახასიათებელ იდეებს.  თუმცა, კვლევის ავტორების აზრით, აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი, რადგანაც ევროპული პოლიტიკური გარემოსგან განსხვავებით, ჩვენთან პოლიტიკურ პლატფორმებს თანმიმდევრული იდეოლოგიური ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი დრო და გარემო ბოლომდე არ მისცემიათ.

თუმცა ასევე ამბობენ:

არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური იდეოლოგიები საქართველოში ზუსტად ისეთსავე პოლიტიკურ პოზიციებს გამოხატავდეს, როგორც ევროპულ დემოკრატიებში. იდეოლოგიური სპექტრი ყოველთვის კონტექსტზეა დამოკიდებული და შესაძლოა იცვლებოდეს არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ ზოგჯერ ერთ ქვეყნის შიგნით, რეგიონების მიხედვითაც. თავად ის ფაქტი კი, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკას სთავაზობენ ასარჩევად, უკვე კარგის ნიშანია დასაწყისისთვის და მისი მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკიდურეს პოლარიზაციაზე საუბრობენ, სავარაუდოა, რომ გულისხმობენ რადიკალური პოლიტიკურ რიტორიკას, რაც გამოიხატება ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაში მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე, არჩევნების, როგორც ნულოვანი ჯამის თამაშის გაგებას, სადაც ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს.

კვლევა ამბობს, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბარი საქართველოში დიდ წილად გადაჭარბებულია.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

https://netgazeti.ge/news/584238/

 


მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი არ არის პასუხისმგებელი პუბლიკაციაში მოცემული მონაცემების სიზუსტეზე.

*პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევით ინსტიტუტის (ISET-ის კვლევით ინსტიტუტი), მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). ). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის თავისუფალი (ვრიეს) უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”.

მასალების გადაბეჭდვის წესი