ახალი ამბებისაზოგადოება

რა სურს ხალხს საქართველოში?

27 იანვარი, 2022 • 2503
რა სურს ხალხს საქართველოში?

რის შესახებ ვლაპარაკობთ, როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ? ამ კითხვას ბევრი პასუხი აქვს. ერთი კონკრეტული მხრიდან თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკურია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ავკარგიანობას განაპირობებს. პოლიტიკის ერთ-ერთი განმარტებაც შეიძლება ეს იყოს: იდეათა ერთობა იმ საკითხზე, თუ როგორ ვიცხოვროთ ან  როგორ ვიცხოვროთ უკეთესად.

არჩევნების წინ ვერსად დაემალებით პოლიტიკოსების, პარტიების დაპირებებს, მათ ვიდეორგოლებს, რეკლამებს, პოსტერებს. მთელი ქალაქი და ქვეყანა, ონლაინ თუ ფიზიკურ განზომილებაში, გვარწმუნებს, რომ არჩევანი გავაკეთოთ. 

რა უნდა ავირჩიოთ, რა გვსურს სინამდვილეში? გასულ წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც  ბევრ კითხვას სცემს პასუხს. ჩვენ კი ამჟამად სოციალურ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სანამ კვლევის მიგნებებს გავეცნობოდეთ, გთავაზობთ, ნახოთ, როგორ შეიძლება პოლიტიკური მსოფლმხედველობა გაიზომოს პოლიტიკური კომპასის მიხედვით:

ზემოთ ხსენებული კვლევა 2021 წელს გამოაქვეყნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ*. კვლევა ეხება საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის თავისებურებებს. 2020 წლის 23 სექტემბერს, პოლიტიკური კომპასის აპლიკაციის ინტერნეტ ქსელში ჩაშვებიდან ამავე წლის 22 ნოემბრამდე, სრულად გამოიყენა 19 000-მა ადამიანმა. კითხვები ეხებოდა 31 სხვადასხვა პოლიტიკურ  საკითხს. მათზე პასუხის გაცემით ცხადი ხდება, თუ სად შეიძლება განთავსდეს ელექტორატი საქართველოში პოლიტიკური მსოფლმხედველობის ოთხად გაყოფილ სიბრტყეზე.

კვლევაში იკვეთება მნიშვნელოვანი ეკონომიკური განშლა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანები საქართველოში უფრო მეტად გამოირჩევიან მემარცხენე ხედვებით.

  • მიღებული მონაცემების სითბურ რუკაზე დატანით ირკვევა, რომ საქართელოში ამომრჩევლები სოციო-კულტურული თვალსაზრისით თავს უფრო ლიბერალად მიიჩნევენ, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მემარცხენე ხედვები აქვთ.

ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე რიგითი ამომრჩეველი ცენტრიდან მარცხნივ არის გადახრილი. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, რიგითი ამომრჩევლის შეხედულებით:

  • კანონით უნდა იყოს აკრძალული საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურების გადახდა ყოველთვიური ხელფასის სახით;
  • სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს წამლის ფასი;
  • ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაო და უფასო;
  • ამავდროულად, 35 წლის და მეტი ასაკის ქალები, ეთნიკური ქართველები, განათლების ქვედა საფეხურზე მყოფი და სოფლად მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად არიან ცენტრიდან მარცხნივ გადახრილები.

მნიშვნელოვანია ასევე გენდერული განზომილებაც. კვლევა ამბობს, რომ საქართველოში ქალებს, კაცებთან შედარებით, პოლიტიკურად უფრო მემარცხენე პოზიცია უკავიათ ჯანდაცვისა და განათლების საკითხებში:

ასევე ქალები გამოხატავენ უფრო ლიბერალურ პოზიციებს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე კაცები.

საინტერესოა, რომ ძირითად შემთხვევაში, ეკონომიკურად მემარჯვენე პარტიების ამომრჩევლებიც კი ინარჩუნებენ მემარცხენე ხედვებს სოციალურ საკითხებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევა ამბობს, რომ ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობა ეკონომიკურად მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას, დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვას და გადასახადის გაზრდას ბიზნესებისთვის, რომლებიც გარემოს აბინძურებენ.

წაიკითხეთ ასევე:

ვართ თუ არა პოლარიზებული საზოგადოება?


მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს  ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი არ არის პასუხისმგებელი პუბლიკაციაში მოცემული მონაცემების სიზუსტეზე.

*პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის  კვლევით ინსტიტუტის (ISET-ის კვლევით ინსტიტუტი), მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). ). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის თავისუფალი (ვრიეს) უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”.

მასალების გადაბეჭდვის წესი