ახალი ამბები

ბანკებმა ჯერჯერობით არაფერი იციან ახალ სატრანსპორტო აბონემენტებზე

24 დეკემბერი, 2021 • 1730
ბანკებმა ჯერჯერობით არაფერი იციან ახალ სატრანსპორტო აბონემენტებზე

სთავაზობენ თუ არა საქართველოში მოქმედი ბანკები მოქალაქეებს რაიმე პირობებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შესაძენად თანხა ეტაპობრივად გადაიხადონ? ნეტგაზეთი საკითხით დაინტერესდა თბილისის მერის განცხადების შემდეგ, თუმცა ზუსტი პასუხი ვერც ერთ შემთხვევაში მივიღეთ.

23 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ შესაძლებელია, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენას ერთჯერადად ვერ ახერხებენ, „ბანკებს დაელაპარაკონ“.

“…შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ, რა ვიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხდიან 10 ან 20 თეთრს.

ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მერმა “იმედის” ეთერში.

“განწილვადება” თანხის გადანაწილებას ნიშნავს, რა დროსაც პირი ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის ფულს იხდის ერთჯერადი გადახდის ნაცვლად.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, შეთანხმდა თუ არა ხსენებული პირობები თბილისის მერიასა და ბანკებს შორის.

ქვეყანაში მოქმედ სამ ბანკს — “თიბისის”, “საქართველოსა” და “ლიბერთის” — ცხელ ხაზზე დავუკავშირდით, როგორც მომხმარებლები, და ვკითხეთ, უკვე არსებობს თუ არა კონკრეტული პირობები სამგზავრო აბონემენტის შესაძენად.

“საქართველოს ბანკის” ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ჯერჯერობით “რაიმე ზუსტი დადგენილება ტარიფებთან ან პაკეტებთან დაკავშირებით” მათთვის ცნობილი არ არის.

ასეთივე პასუხი ჰქონდათ “თიბისი ბანკშიც”. ოპერატორმა გვითხრა, რომ როგორც კი ექნებათ რაიმე სახის ინფორმაცია, მომხმარებელს მიაწვდიან. საკითხთან დაკავშირებით ცნობებს არც “ლიბერთი ბანკში” ფლობენ.

ინფორმაცია ხსენებული ბანკების პრესსამსახურებშიც გადავამოწმეთ. “საქართველოს ბანკში” გვითხრეს, რომ სიახლის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან. რაიმე ახალ პირობებზე ინფორმაცია არც “ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურში აქვთ,  “თიბისი ბანკისგან” პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

გადახდის ახალი სისტემა საზ. ტრანსპორტში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე მეორედ არჩევიდან 54-ე დღეს გააცნო თბილისელებს, მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ან უბიძგებს, გამონახოს დამატებით რამდენიმე ასეული ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადასახდელად.

დღეს მოქმედი ტარიფით, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

80 თეთრი ღირს ძველი, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა. მერია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან ქალაქში ასეთი მიკროავტობუსები არ იმუშავებენ.

სწორედ ამ თარიღიდან იცვლება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.

ახალი სისტემის მიხედვით:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი.

ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი – 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი